“საკომიტეტო მოსმენის ფორმატი მეტი სპეკულირების შესაძლებლობას იძლევა”

ფინანსთა მინისტრმა  დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზები განმარტა. მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ის ,,მინისტრის საათის” ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი დაუთმო იმ შეკითხვებზე პასუხებს, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული.

,,ვერ ვიტყვი, რომ თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩვენ უნდა შევხედოთ ამ საკითხს შემდეგნაირად. სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. მანამდე წერილიც კი გავაგზავნეთ კომიტეტში, რომ გამოვდიოდით „მინისტრის საათზე“, სადაც გავცემდით ყველაფერზე პასუხს, ხოლო თუ რამე იქნებოდა დამატებით საჭირო, მზად ვიყავით კიდევ მივსულიყავით. თქვენ ნახეთ, რომ  დარბაზი დატოვეს  დეპუტატებმა და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ამ შეკითხვების შინაარსი და პასუხებიც კი არ აინტერესებდათ. მათ მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ იძლევა მეტი სპეკულირების შესაძლებლობას. როდესაც საუბრობენ, რომ ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა, მე გეტყვით, რომ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. აიღეთ ბოლო 6 თვე, აიღეთ 2019 წელი და ნახეთ, ამ მოწვევის პარლამენტში კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ოდესმე ამდენჯერ თუ იყო მინისტრი მისული. ყველაზე მეტჯერ ვარ მისული, სხვადასხვა ფორმატში. როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იმავე საკითხებზე გაცილებით გაშლილად და დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითხვასაც არ სვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მომისმინონ, ე.ი. ეს რეგლამენტი სულ სხვა რამისთვისაა. ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის, და შოუების და ცირკის მოსაწყობად გამოიყენება. ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“, – განაცხადა მინისტრმა.