თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დეზინფექციისა და დალაგება-დასუფთავების სამუშაოები ტარდება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დეზინფექციისა და დალაგება-დასუფთავების სამუშაოები სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ტარდება.

სააღმზრდელო პროცესის დროს გათვალისწინებულია ჯგუფების განიავება ყოველ ორ საათში ერთხელ და სველი წესით დასუფთავება დღეში სამჯერ. ამასთან, დღის ბოლოს შენობის დალაგება-დასუფთავება, ყოველ პარასკევს კი გენერალური დალაგება ტარდება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გათვალისწინებით, თბილისის ბაღებში დამატებით ჩატარდა დეზინფექციისა და სველი წესით დასუფთავების ღონისძიებები.

რამდენიმე ბაღში პროცესს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის საჯარო ბაღებში 2-დან 16 მარტამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება.