სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ემზადება. მისი თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, სააკაშვილმა უკვე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციის გამო, სანქციები დაუწესონ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებს.

ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის ჰოლანდიელ კანონმდებლებთან, რათა დაარწმუნოს სანქციების აუცილებლობაში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპამ უნდა გაყინოს პოროშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა აქტივები, რადგან მათ ქონება მოპარეს უკრაინელ ხალხს.

სააკაშვილი აპირებს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. პრესკონფერენციას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი. მისი განცხადებით, სააკაშვილს, რომელიც უკრაინიდან უკანონოდ გააძევეს, სურს დაბრუნდეს და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სათავეში ჩაუდგეს თავის პოლიტიკურ პარტიას.

რობერტსონის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე აუცილებელია უკრაინაში ყველა პროცედურის დასრულება.

როგორც თავად სააკაშვილი ამბობს, ივნისში აპირებს თავისი პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდეს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან და საარჩევნო პროგრამა გააცნოს.