ჩემთვის პრინციპულია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის საკითხი – გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგება, თუ პოლიტპატიმრები ციხეში დარჩებიან. მისი თქმით, შესაძლოა ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხმა მისცენ პარლამენტში ახალი საარჩევნო სისტემის კანონპროექტის დარეგისტრირებას, თუ ამას თავად “პოლიტპატიმრები მოუწოდებენ”, მაგრამ მოლაპარაკებები მათ გარეშე არ გაგრძელდება.

“ამაზე ვიმსჯელებთ დღეს. ჩემთვის პრინციპულია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის საკითხი და ამ კუთხით ძალიან სერიოზული მუშაობა გავწიეთ. რაც შეეხება მათ კონკრეტულ ნებას, ეს მათი [პოლიტპატიმრების] გადასაწყვეტია”, — ასე გამოეხმაურა ის ევროპული საქართველოს ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებას.

დღეს, 2 თებერვალს, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნება დათანხმდება მათ შეთავაზებას 130/20-ზე საარჩევნო სისტემის შესახებ, მაშინ ამას დაკავებული ოპოზიციონერებიც დათანხმდებიან. კანდელაკის თქმით, “პოლიტპატიმრები თავად მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას”.

ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი მაშინ შეწყდა, როცა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.