“განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის მეგობრობა გაღრმავდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის განსხვავებული საგარეო ორიენტაციებისა,  საქართველოსა და სომხეთს შორის  კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

“შეხვედრაზე შევეხეთ  თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხარისხობრივ ახალ დონეზე გადაყვანას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონშში დემოკრატიზაციის პროცესი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების და კულტურის სფეროებში განვითარებისთვის.“ –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა  თავის მხრივ აღნიშნა, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი უალტერნატივო  გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა რეგიონში  სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტორია.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით,

“ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვადასხვა სფეროების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგეტიკულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას”.- აღნიშნა ფაშინიანმა. მან ასევე მადლიერება გამოთქვა, რომ საქართველო მუდმივად ინარჩუნებს  ეროვნულ თვითმყოფადობას, კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას.