“წულუკიანს სურს იუსტიციის სახლში საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს”

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის სახლიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრს სურს  გათავისუფლებული 80 თანამშრომლის ადგილას  საკუთარი პარტაქტივის წარმომადგენლები და ნათესავები დაასაქმოს, რომ შემდეგ არჩევნებისთვის მათი გამოყენება შეძლოს. ვაშაძის თქმით,  წულუკიანის მიერ დათხოვილი თანამშრომლები თავისი საქმის პროფესიონალები არიან და მათი განთავისუფლება საგანგაშო გადაწყვეტილებაა.

„ ესენი არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობ ჩაიბარა გაუბედურებული საპასპორტო სისტემა და მიიყვანა ის მოქალაქეზე ორიენტირებულ სისტემამდე. ერთი საათი არ ეძინა ამ ადამიანებს, რომ მოქალაქეებს გამართული სერვისი და მომსახურება მიეღო და დღეს ეს ადამიანები გაყარეს ქუჩაში ისე, თითქოს არც არაფერი გაუკეთებიათ.  ქვეყანა, რომელიც პროფესიონალებს არ აფასებს, ვერასდროს მიაღწევს წარმატებას. ამ ადამიანებმა გაატარეს ბიომეტრული პასპორტების რეფორმები, ID ბარათების რეფორმები, ამ ადამიანებმა გამოცვალეს საბჭოთა პასპორტები, რომელიც 2005 წელს 60%-ზე მეტ მოსახლეობას ქონდა. ამ ადამიანებმა დაგვავიწყეს „მკვდარი სულები”, რომელიც საარჩევნო სიაში იყო. ამ ადამიანების ცოდნაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან და დღეს ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით გაუშვა ეს ხალხი სამსახურიდან. ეს არის უსამართლო და ოქტომბერში აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ საჯარო სამსახურს, რადგან მათ გარეშე ჩვენ ამ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.