ერდოღანი და პუტინი იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის პროვინცია იდლიბში 6 მარტიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები 5 საათსა და 40 წუთს გრძელდებოდა, აქედან 3 საათი ისინი პირისპირ საუბრობდნენ.

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ლატაკია-ალეპოს გასწვრივ უსაფრთხოების კორიდორის მოწყობა, ცეცხლის შეწყვეტა და ორივე ქვეყნის შეთანხმებით სადამკვირვებლო პუნქტების გამაგრება.

“იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეთანხმებები კარგი საფუძველი იქნება იდლიბის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტანჯვას დაასრულებს”, — განაცხადა პუტინმა.

მოლაპარაკებების შემდეგ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი ანკარაში მიიწვია და აღნიშნა, რომ სირიასთან მიმართებით თურქეთი რუსეთთან ადრეც შეთანხმებულა.