პენიტენციურ სისტემებში პატიმრები სატელეფონო შეღავათებით ისარგებლებენ

პენიტენციურ სისტემაში  პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათი  დაწესდა და ყველა პატიმარს მისთვის კანონით გათვალისწინებულ ფასიან დროზე 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა.  ინიციატივა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, სისტემაში განსაკუთრებული პირობებია შემოღებული, რის შედეგადაც ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ. გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით და მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, პატიმრები  სატელეფონო შეღავათით სარგებლობენ, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში. შეღავათის ფარგლებში თითოეულ პატიმარს (გარდა საგამოძიებო ორგანოს მიერ შეზღუდვადაწესებული ბრალდებულებისა და იმ პატიმრებისა, ვისაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო აქვს, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს.

ნახევრადღია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში.