მუსლიმთა სამმართველო ყველა სახის კოლექტიურ ლოცვას აჩერებს

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა სახის კოლექტიური ლოცვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მათ მიერ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის ღია დარჩება.

“მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს”, — ნათქვამია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.