“რწმენას, სინანულს და უფლისადმი ლოცვას შეუძლია ამ განსაცდელის შეჩერება”

პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს და საზოგადოებას სინანულისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ერი უნდა დაადგეს უფლის გზას და საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მთავარი  მიწიერ ყოფითი ინტერესები.

“ჩვენ სახარება გვეუბნება რომ  მთავარი არის მარხვა და ლოცვა. როდესაც ქვეყანაში ასეთი განსაცდელი გვაქვს, ამ მოვლენას აქვს ორი მხარე, ერთია მატერიალური, ფიზიოლოგიური,  და ჩვენ  უნდა ვეცადოთ დავიცვათ ყველა ის  რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვა  და სახელმწიფო გვაძლევს, მეორე კი სულიერი. პატრიარქმა წინა კვირას ბრძანა, რომ მთავარია ღმრთს არ დავშორდეთ.  რისთვის დაეშვა ეს დიდი განსაცდელი? ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. ეს  მწარე წამალია და ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე და გამოსწორდეს.  ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ,  რომ  პოლიტიკოსებიც გამოდიან და სინანულზე საუბრობენ,  საჯაროდ ინანიებენ ჩადენილ ცოდვებს და ასახელებენ იმ მიზეზებს, რაც შეიძლება იყოს ამ მდგომარეობაში ჩავარდნისა. ღიად საუბრობენ  რომ  დაივიწყეს უფალი,  ქრისტიანული ღირებულებები და დროა გამოსწორდნენ.   ჩვენ გვმართებს რომ ვისაუბროთ ერის ცოდვებზე,  ჩვილთა მკვლელობა აბორტებზე, სოდომის ცოდვებზე.  ხომ არ ღირს დავფიქრდეთ, რომ ესენია  მიზეზი ამ განსაცდელის დაშვებისა?”- აცხადებს მეუფე.

პატრიარქის მოსაყდრის თქმით, უფალს უყვარს თითოეული ადამიანი და სინანულისკენ მოუწოდებს მათ სახარებაში ნათქვამი სიტყვებით, ამიტომ  რწმენას,  სინანულს და უფლისადმი ლოცვას  შეუძლია შეაჩეროს დაშვებული განსაცდელი.