ფოთისა და ზუგდიდის შესასვლელს პოლიცია მკაცრად აკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.

ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.

საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის.

შსს-ს განცხადებით,  ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც არ დაიცავს  კანონით გათვალისწინებულ საგანგებო რეჟიმის წესებს, დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.