ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების  ჩამოყვანას ვერ ახერხებს, თანხა გადარიცხონ  ფონდში “STOPCOV” და სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს ამ პროცესს.

მთავარი ოპოზიციური პარტია  მზად არის უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ხელისუფლებას თანხა გადაურიცხოს.  აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა და დასძინა, რომ ფინანსებს გამოუყოფენ იმ შემთხვევაში,  თუ ხელისუფლება  უკრაინულ ავიაკომპანია “სქაიფთან” გააფორმებს ხელშეკრულებას.

გრიგოლ ვაშაძემ როგორც განაცხადა, როდესაც ქვეყანაში აეროპორტები დაკეტილია, სახელმწიფოს გარეშე უკრაინული ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს. ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთის შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოს, რომ ამ კომპანიას რეისების შესრულების ნება მისცენ.

” საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საკონსულოებს და საელჩოებს რომ შედგეს ჩვენი მოქალაქეების სია,  უპირველესად  ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები უნდა მოხვდნენ ამ სიებში“ – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით,  საუბარია 4 000-ზე მეტ ადამიანზე რომელთა სიები მარტში უკვე თვითონ შეადგინეს.