ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.
საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ.
ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.