დაე, იწიკწიკონ საათებმა და დათვალონ ჩვენი ცხოვრების წლები…

გია მურღულია

წლის ყველაზე მძიმე დღე სრულდება, მაგრამ დრო იესოს აღდგომის სიხარულს ვერაფერს შეჰბედავს.

დაე, იწიკწიკონ საათებმა და დათვალონ ჩვენი ცხოვრების დღეები და წლები.

მთავარი ის არის, რომ დრო, რომელიც ყველას სხვადასხვა გვაქვს დარჩენილი, ასევე ითვლიდეს ჩვენს გონიერ, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ნაბიჯებსაც, რომელთაც მოყვასის გვერდით დგომის განცდით ვდგამთ.

ჩვენ არ შევუქმნით საშიშროებას არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახებს და არც სხვა ადამიანებს. ჩვენი რელიგია უფლისა და კაცის სიყვარულის რწმენაა.

ყველაზე დიდი ტაძარი თავად ადამიანია. ეს ბრძოლა უმცირესობით უდიდეს მტერთან გონებაშიც უნდა მოვიგოთ და გულშიც.

ორ დღეში დიდი სიხარულის დრო დადგება. კედელზე ჩემი საათიც ითვლის იქამდე დარჩენილ წუთებსა და საათებს.

საათმა თავისი საქმე იცოდეს.

ადამიანს კი საკუთარი საქმის აღსრულება მოეთხოვება – უდიდეს სიხარულთან არა მხოლოდ ემოციურად, არამედ რაციონალურად მისვლის ვალდებულებაც რომ ახლავს.

ღმერთმა და კაცმა მშვიდობა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ბედნიერების სრული განცდა მისცეს საქართველოსა და ყოველ თქვენგანს.