“ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ რეგიონალური პოლიტიკა და სოფლის გაძლიერება”

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ეპისტოლე განსაკუთრებული შეგონებით გამოირჩევა და ყველა ქრისტიანმა ის ბევრჯერ უნდა წაიკითხოს. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც უწმინდესი საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობებზე საუბრობს:

-„პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, საყურადღებოა ჩვენთვის. განსაკუთრებული იყო წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც მსოფლიოში შექმნილ მძიმე განსაცდელს და ჩვენს რწმენაში სიმტკიცეს ეხება. ვფიქრობ, ეს ეპისტოლე როგორც სახარება, ბევრჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ქრისტიანმა.

ჩემთვის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, სადაც უწმინდესი საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობებზე საუბრობს. დიახ, ამ განსაცდელმა ერთი რამ ცხადი გახადა, არ შეიძლება ქვეყანა სრულად დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნებზე როგორც ეკონომიურად, ასევე თუნდაც პოლიტიკურად. ამ მძიმე ჟამს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ჩაიკეტა, მათ შორის ჩვენც და შევძელით დამოუკიდებლად გვეწარმოებინა კრიზისული პერიოდის პოლიტიკა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაზეც უწმინდესი მიგვითითებს, სრულიად ვეთანხმები და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც სწორედ ეს არის – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ რეგიონალური პოლიტიკის გატარება და სოფლის გაძლიერება. ამისთვის ბევრი პროექტი ხორციელდება. თუმცა, ნებისმიერი რეფორმის გატარება შეუძლებელია ხალხის თანამონაწილეობის გარეშე. ამ წლებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს ინიციატივა მიიღო და ბევრი საწარმო შეიქმნა, თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც არ დაინტერესებულა მიწების დამუშავებით და სასოფლო სამეურნეო საქმიანობით. დღეს კი, არსებული ეპიდემიით ხალხი შეშინდა და სოფლებში გაიხიზნა, დაიწყეს მიწების დამუშავება და სხვა სასოფლო საქმიანობა. მინდა მჯეროდეს, რომ მათი ეს ქმედება ეპიდემიის გაქრობასთან ერთად არ დამთავრდება და მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ხელისუფლება კი გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას.

ყველა განსაცდელისგან რაღაცას სწავლობს ადამიანიც და ქვეყანაც. მჯერა, ამ განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ და იმ უპირატესობებს, რითაც აშკარად გამოიკვეთა საქართველო მსოფლიოში, სასიკეთოდ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​