“ხელისუფლება არ მალავს, რომ სამომავლოდ ეკონომიური მდგომარეობა დამძიმდება”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ბოლო დროს ოპოზიციის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და მათ ქმედებებს არამორალურად აფასებს.  ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება არც ერთ კომპანიას არ აქვს და „ჯიბეს“ მსგავსად  პროდუქტების შეძენას ათობით სხვა კომპანია დაუბრკოლებლად ახდენს.

„ ჩვენ ვცდილობთ კომუნიკაციის აწყობას ფერმერებსა და მყიდველებს შორის. „ჯიბე“ არის ერთ-ერთი იმ მრავალთაგან მყიდველი, რომელიც დღეს ქვემო ქართლიდან პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება ფერმერებს. იცით, რომ ქვემო ქართლში მკაცრი საკარანტინე პირობების გამო ფერმერები ვერ გამოდიან, მაგრამ დისტრიბუტორებს შეუძლიათ ჩასვლა და პროდუქტის გამოტანა.  ბრენდირებული სუპერმარკეტები შეზღუდული არიან ხილის და ბოსტნეულის სეგმენტში და მათ უფრო დაფასოებული სხვა ტიპის რეალიზება ან ხორცპროდუქტების და რძის პროდუქტების რეალიზება აქვთ აწყობილი. ამ შემთხვევაში „ჯიბემ” მოახდინა საცალო ვაჭრობის პრინციპიდან  საბითუმო ვაჭრობის პრინციპზე სწრაფად გადასვლა.  უბრალოდ დაემთხვა, რომ „ჯიბე“ არის საბითუმო ფორმატის მაღაზია და მან მოახდინა ორგანიზებულად უფრო მეტი პროდუქტის შეძენა და გამოტანა, ვიდრე სხვა წვრილმა მყიდველებმა. თუმცა, ათობით კომპანია შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც მოსახლეობისგან შესყიდვას აწარმოებს.”-აცხადებს დავითაშვილი.

ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება გულწრფელია ფერმერებთან და არ მალავენ, რომ სამომავლოდ იდეალური სიტუაცია არ იქნება და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უფრო დამძიმდება, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არსებული ვითარების გამოსასწორებლად.