ახალი ინფიცირებულებიდან 7 თეთრიწყაროს, 5 ბოლნისის, 1 კი – მარნეულის კლასტერია

დღეს დადასტურებული  კოვიდინფიცირების 15 შემთხვევიდან  5 ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის, 7 თეთრიწყაროს, ხოლო ერთი მარნეულს. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს,  კერძო მაღაზიაში დასაქმებული ქალის შემთხვევისას, რომელიც გუშინ დადასტურდა, შესწავლილი იქნა ბოლნისის კლასტერი და მჭიდრო კავშირები. გადაგზავნილი 40  საკვლევი მასალიდან  ამ ქალის კონტაქტების ირგვლივ დადებითი პასუხი არ არის.

“დღეს გავიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან კარანტინში მყოფთა  14-დღიანი ვადა და ბოლო გადამოწმებისას  5 დადასტურდა. სამწუხაროდ  გავრცელება არის, თუმცა მკაცრ კარანტინში მყოფთაგან  მასშტაბური გავრცელების რისკი შემცირებულია.”- აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა  რუსთავზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ამ ქალაქში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ის ორი დაინფიცირებული ადამიანი, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ კოვიინფექციაზე,  მალე გამოჯანმრთელდებიან.

“ამჟამად, ქვემო ქართლში კარანტინში 240, თვითიზოლაციაში კი 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება თეთრიწყაროს, იმ 7 ადამიანიდან, რომელთაც დაუდასტურდა დღეს დილას კოვიდინფექცია,  5 არ არის თეთრიწყაროს მაცხოვრებელი,  ორი ახალი დაინფიცირებული კი ადგილობრივია,“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.