ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ყოველთვიურ ანაზღაურებაზე უარი თქვა

ტაჯიკეთის ლიდერმა ემომალი რახმონმა  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 12,4 მილიონი სომონი (1,24 მილიონი დოლარი) გამოყო. აღნიშნულ თანხას  ექიმებს ხელფასებზე დამატებითი სახით  სამი თვის განმავლობაში გადაუხდიან.
რახმონმა ასევე  თავისი ყოველთვიური ანაზღაურების აღებაზე უარი განაცხადა (თანხა არ არის მითითებული) და მის ხელფასი იმ ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც რესპუბლიკაში  COVID-19 პანდემიის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. ფონდში ასევე თავისი ყოველთვიური შემოსავლების ნახევარს ტაჯიკეთის შსს-ს ხელმძღვანელობაც ჩარიცხავს.  აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შსს-ს პრესცენტრი ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ძალოვანი უწყების მინისტრმა მოუწოდა თავის თანამშრომლებს  მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტისკენ, რათა ხალხში პანიკა არ გავრცელდეს და აუხსნან მაცხოვრებლებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ სენის დასამარცხებლად. სამართალდამცველებს ასევე დაევალათ,  მოსახლეობის გაფრთხილება, არ აყვნენ გავრცელებულ არაგონივრულ ჭორებს ამ ვირუსთან დაკავშირებით და იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრებით, დაიცვან პირადი ჰიგიენა, დისტანცია, ატარონ ნიღბები და რეგულარულად დაიბანონ ხელები.