იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებს

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ხვალიდან გაიხსნება და  ახალი პრინციპით იმუშავებს.

ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტრო ასევე განმარავს, რომ სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა, ხოლო მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

„მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება ჯავშნის კალენდარი;

დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება;
ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები;
ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა;
მომხმარებელს არ დასჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება;
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.