“სოფლის მეურნეობა აყვავდება” – სინამდვილეში ეს პოპულიზმით გაჟღენთილი სიტყვებია და აი რატომ…

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

იმ ფონზე როცა მსოფლიოს მაშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო ადამიანების უმეტესობა და მათ შორის პოლიტიკოსებიც აქტიურად საუბრობენ რომ საქართველომ  სოფლიოს მეურნეობის აღორძინებას უნდა მიყოს ხელი, ჩავასხათ უამრავი ფული და ყოველდღე ვამუშაოთ მიწები, რათა სურსათის კუთხით არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზეო.

თითქოს ეს სიტყვები სასიამოვნო მოსასმენი და ამასთანავე იმედის ნაპერწკალია მოსახლეობისთვის, რომ სულ მალე სოფლის მეურნეობა აყვავდება, მაგრამ სინამდვილეში ეს პოპულიზმით გაჟღენთილი სიტყვებია და მეტი არაფერი.

პირველ რიგში ახლო წარსულს უნდა გადავავლოთ თვალი. საქართველოს მთავრობებს წლების მანძილზე ჰქონდათ მიზნად რომ სოფლის მეურნეობა გამხდარიყო ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და სწორედ ამიტომ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე ასხავდნენ ამ დარგში ფულს, სუბსიდიების, ვაუჩერების, გრანტების და ასე შემდეგ სახით. მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? არაფერი. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც. 2019 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში მხოლოდ და მხოლოდ 7.2%-ს შეადგენდა. რეალურად  ეს ფული, რომელიც ჩვენი შემოსავლიდან ძალადობრივად ამოღიო მთავრობამ ჩაეშვა ისეთ დარგში რომელსაც  წინსვლა და შედეგი არ ჰქონია. თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ  მილიონები ჩავდოთ სოფლის მეურნეობაში და შედეგად ადგილობრივი ბაზარი ვერ დავაკმაყოფილოთ? ეს ხო ფაქტია? იმპორტით შემოდის პომიდორიც კარტოფილი, ხორცი და ასე შემდეგ. და ამ კატასტროფული შედეგების ფონზე კიდე გვინდა რომ ჩვენი ჯიბიდან ფული ჩავასხათ ამ  დარგში?

სწორედ ამიტომ ჯერ ის ფუნდამენტური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ რაც სოფლის მეურნეობაშია და შემდეგ ხალხი გადაწყვეტს უღირთ თუ არა მათ ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ამ სექტორში.

რა ფუნდამენტური პრობლემების წინაშეა დღეს სოფლის მეურნეობა?

მიწების 50% ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაშია- როგორ უნდა ვიფიქროთ წარმოების გაზრდაზე როცა სახელმწიფო და კერძო საკუთრებას შორის ამხელა დისბალანსია? ამიტომაა საჭირო რომ მიწების მთლიანად პრივატიზება მოხდეს.

მიწას აქვს დაბალი ღირებულება  დღესდღეობით საქართველოში მიწის ფასი კატასტროფულად დაბალია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ მოხდეს მიწის ფასის აწევა. როცა აქტივის ღირებულება მაღალია, მაშინ ადამიანებს ექნებათ საუშალება მოიზიდონ უფრო მეტი კაპიტალი და გააფართოვონ წარმოება.

ტექნოლოგიების ნაკლებობა ეს კიდევ ერთი პრობლემაა რის გამოც არაეფექტიანები ვართ. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიები და არც მათი გამოყენების ცოდნა. ხოდა ამიტომ ვართ არაეფექტიანები. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ სურათის ნათლად წარმოსადგენად. დღეს გერმანიაში 5 ათასი ღორით დაკომპლექტებულ ფერმას 2 კაცი უვლის მარტო. სწორედ იმიტომ რომ იქ ყველაფერს, ფატობრივად, დანადგარები აკეთებენ. აბა დაფიქრდით ახლა საქართველოში 5 ათასი ღორის მოვლას რამდენი დასჭირდება? რა თქმა უნდა ბევრად მეტი.

საბოლოოდ სანამ ამ ძირითად ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე არ ვიზრუნებთ მუდმივად წრეზე ვიტრიალებთ და ტყუილად გადავყრით ჩვენ ნაშრომ ფულს.

ყველაფერი ჯერ განკერძოებით უნდა დაიწყოს. რა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ როცა აქტივების ძირითად ნაწილი მთავრობის ხელშია დაკონსერვებული?