65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომპენსაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად გაიცემა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომპენსაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად გაიცემა.

„ჩვენ უკვე დავაინიცირეთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი და ეს შეეხება იმ სოციალურ პაკეტს, რომელზეც არაერთხელ თქმულა და ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია. შეგახსენებთ ამ კომპენსაციის გაცემის როგორც წესს, ასევე იმ ექვს მიზნობრივ ჯგუფს, რომლებსაც ეხებათ დახმარებები. პირველი ბლოკი სამი ჯგუფისგან შედგება და ეს არის დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები, ეხება, იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასი საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ, ასევე შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა ან აღარ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში ეძლევათ 200 ლარიანი კომპენსაცია პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარი. შემდეგი ჯგუფია ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თუ მათ უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე, ეძლევათ ერთჯერადი კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი უკვე მინიჭებული ჰქონდათ 2020 წლის პირველ აპრილამდე. დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგავსთან დაკავშირებული მესამე ჯგუფია ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, წარადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი და მათაც ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება ექნებათ“,– განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მიზნობრივი დახმარების მეორე ბლოკი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები არიან.