“როცა ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები…”

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა თუ რა ფინანსური რესურსი დაიზოგა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში. „ანტიკრიზისული ბიუჯეტი შემუშავდა სწრაფად და ოპერატიულად და მორგებულია დღეს არსებულ საჭიროებებს რაც მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში იყო აქამდე გაჟღერებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის დახმარებაზე, დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაზე.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ოდენობის რესურსის მობილიზება შევძელით ბიუჯეტში იმისთვის, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები სრულად დაფინანსდეს. საუბარია 5 მილიარდ 600 მლნ ლარზე მეტ რესურსზე.

ეკონომია არის უდიდესი – საუბარია 600 მლნ ლარზე და მეტზე. მათ შორის, შრომის ანაზღაურების მუხლში – მინუს 60 პროცენტი – ეს თანხა საჯარო სექტორმა დაიკლო, რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას გაუჭირდა, პირველ რიგში, ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები. თუმცა მარტო ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი ასეთი გლობალური გამოწვევის დასაძლევად. დაფინანსება ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იქნა მობილიზებული, რაც აისახა კიდეც ბიუჯეტში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.