„ბატონო ბიძინა, სხვას არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ერთს-სამართალმა იზეიმოს!“-4 შვილის დედის მიმართვა

დღეს სააგენტოს 4 შვილის დედა, სოციალურად დაუცველი ოჯახის დიასახლისი თეა დემეტრაშვილი დაუკავშირდა და მისი ისტორიის მკითხველამდე და კომპეტენტურ პირებამდე მიტანა ითხოვა, ისიც გვითხრა-„ მედია თვალს ადევნებდა და ასაჯაროვენდა იმ თაღლითობას, რაც თავს გადამხდა, კიდევ იმედი მქონდა, რომ სამართალი იზეიმებდა, მაგრამ ვხედავ ჩემთვის სამართალი ურმითაც არ დადის და ისღა დამრჩენია, ბიძინა ივანიშვილს მივმართო და მასაც გავაგებინო, როგორ სარგებლობენ მისი და მთავრობის სახელით ზოგიერთები“-ო. ქალბატონი თეა ამბობს, რომ 4 შვილის დედას დასაკარგი აღარაფერი აქვს და ბავშვების  მომავლისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

ჩვენ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ და აქვე ვაცხადებთ-თუ დემეტრაშვილის მიმართვაში დასახელებული პირები ისურვებენ კომენტარის გაკეთებას, პასუხის გაცემას და საზოგადოებისთვის თავიანთი პოზიციების მიწპდებას, ჩვენ მზად ვართ გამოხმაურების შემთხვევაში მათი პასუხი ფართო მკითხველს მივაწიდოთ.

ახლა კი თეა დემეტრაშვილის მიმართვას ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

-“სხვა გზა აღარ დამრჩა- საჯაროდ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს!   

2012 წელს შევიძინე სახლი, 2 თვის შემდეგ კი „კონსტანტ“ ბანკმა (ამჟამად თი-ბი-სი ბანკი)  ყოფილ მესაკუთრეზე სესხი გასცა, რისთვისაც ის ბინა, რომელიც უკვე მე მეკუთვნოდა, იპოთეკით დატვირთა.  დიახ, ქონებას, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა ყოფილ მეპატრონეს, ლია ბეიაზს, იპოთეკით დაიტვირთა ჩემთან შეთანხმების გარეშე.

4 შვილის დედა ვარ, დღიდან დღემდე ძლივს გაგვაქვს თავი და სად შემეძლო იპოთეკის დაფარვა, ამიტომ გადაუხდელობის გამო  წამართვეს სახლი და დავრჩი ასე 4 შვილით ქუჩაში. ცოტა სარდაფი მოვასუფთავეთ და ახლაც იქ ვცხოვრობთ.

საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, თაღლითობაზე აღძრეს საქმე, მაგრამ ბანკმა მაინც გადამახდევინა 22 000$, კიდევ 88 000 ლარი სხვისი ვალი უნდა ვიხადო 15 წელი, რომ ბინა დამიბრუნონ. ასე გადამახდევინეს ბეიაზის ვალი. პროკურატურის იმედი მქონდა,

მაგრამ როგორც კი ბეიაზმა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აიყვანა დამცველად, გამართლდა მისი სიტყვები- დარწმუნებით ამბობდა, ისეთი ადვოკატი მყავს, ამ საქმეს კარგად დამიმთავრებსო. ასეც მოხდა. მერე

ჩემდა საბედნიეროდ შევხვდით ხაჭაპურიძეს საქალაქო სასამართლოს ეზოში. ჩემს ძმას ვახლდით მე და ჩემო მეუღლე. გავეცანით ხაჭაპურიძეს როგორც კლიენტები და ვითომ ბეიაზების ახლობლები ვიყავით. კი, ტყუილი ვთქვი, მაგრამ სხვანაირად როგორ მივდგომოდით? გვკითხა როგორი საქმეა თქვენიო, ჩვენ ვუთხაით, თითქმის ანალოგიური, როგორიც ბეიაზის-თქო, ის საქმე კი კარგად იცოდა, ისევე როგორც კარგად იცნობს ბეიაზს. ადვოკატმა გვითხრა, ამ მთავრობაში თითქმის ყველა ჩემი მეგობარია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც და ეკა ბესელიაცო. ეტყობა არ უნდოდა კლიენტის დაკარგვა და მოგვიყვა როგორ გაქრა ბეიაზის საქმეში მასალები და როგორ დაასრულა საკმაოდ რთული საქმე გამარჯვებით.

ასე რომ, ხაჭაპურიძე გვამშვიდებს, ხალხი მყავს ამ მთავრობაში და როგორი რთულიც გინდა იყოს ესა თუ ის თქვენი დანაშაული, არ შეგეშინდეთ, მთავარია ფული გქონდეთო.  ისევე დაგიმთავრებთ საქმეს, როგორც ბეიაზებისა დავამთავრეო. ისიც კი თქვა-ჩემზე და მერე პროკურორზეა დამოკიდებული, ყურს საიდანაც გვინდა საქმეს იქედან მოვაბამთო. პროკურორმა კი მითხრა-ბანკი ვალდებული არ არის  ყოველი სესხის გაცემის დროს ამონაწერი ამოწმოსო.

მინდამოგმართოთ თქვენ, ბატონო ბიძინა!

ჩემი 4 შვილით ვცხოვრობ სარდაფში .იმდენს გავაკეთებ, რომ ასეთი თაღლითები იჯდნენ ციხეში! კიდევ მაქვს იმედი, რომ თქვენ არ იცით რა ხდება და ვინ როგორ სარგებლობს თქვენი სახელით. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ამ მიმართვის მერე შესაბამისი უწყებები და კომპეტენტური პირებიც დამიკავშირდებიან. მხოლოდ მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში, ბატონო ბიძინა, ბევრი ადამიანია თაღლითობის მსხვერპლი! ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, მერე რა, რომ დოლარებს ვერ ვატრიალებთ და დიდი შავი ჯიპებითაც ვერ დავდივართ, ჩვენც ხომ გვაქვს უფლებები და ვართ ადამიანები. ბრძოლას არ შევწყვეთ და იმედს ვიტოვებ, კიდევ არ მიიჩქმალება ყველაფერი. იმისი იმედიც მინდა მქონდეს, რომ პირადად დაინტერესდებით ჩემი ოჯახის გასაჭირით. სხვას არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ერთს-სამართალმა იზეიმოს!“

 და ბოლოს, სააგენტო კიდევ ერთხელ მიმართავს მასალაში დასახელებულ პირებს, კომენტარის ან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მათი ნათქვამი საზოგადოებას მივაწოდოთ.

13535850_1001476676615653_1061582713_n

 

კომენტარის დატოვება