თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა,

სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინიციატივები.

,,მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება და მადლობა გადავუხადო იმ ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც ყველაზე კრიზისულ პერიოდში განახორციელა”.

საქართველოს თავმჯდომარეობა შეაფასა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმაც. ანდერს კნაპეს განცხადებით, საქართველომ პანდემიის პირობებშიც კი, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით.

სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა საქართველოს თამჯდომარეობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლიმატური ცვლილებები საბოოლოოდ განსაზღვრულ იქნა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემა და სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა მისი ადაპტირება გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციასთან.

„ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის დეკლარაცია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხზე, ევროპის საბჭოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. სწორედ მისი მიღებით, ჯანსაღმა გარემომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა იერარქიაში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. საქართველოს ინიციატივით ამ დეკლარაციის მიღებამ ევროპა გლობალური დათბობის გამოწვევების დაძლევაში ფლაგმანად აქცია“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, ასევე პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის დაძლევის გზებზე იმსჯელეს და კონგრესის სამომავლო გეგმები განიხილეს.