რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტთან სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სომხური მედია იუწყება, აზერბაიჯანელი სამხედროები ტავუშის რეგიონში სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკავებას შეეცადნენ.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანულმა მხარემაც. მომხდარში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი სომხეთს ადანაშაულებს და კონფლიქტის პროვოცირებაში სდებს ბრალს.

რუსეთი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულება. ორი ქვეყნის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმიანება.

მოსკოვი მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების გამო შეშფოთებულია. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მიუღებელია, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.