ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ჩაიდინეს…

გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გარვკეული მედიასაშუალებების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი მიზანი არჩევნებამდე საზოგადების მაქსიმალური დაძაბვაა, – ამის შესახებ პრემიერს მრჩეველმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთი მიდგომით საკუთარი დანაშაულების გადაფარვას ცდილობენ.

„მათ აწუხებთ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და უნდათ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოს დღევანდელობაში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომ თქვან – „აი მარტო ჩვენ არა, ისინიც იგივეს აკეთებენ“. ეს არ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო – დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. 17 ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი“, – აღნიშნა სუბარმა.

მან გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგი ტელევიზიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება უბრალოდ საქმის მასალების არასწორი ინტერპრეტაციაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი მკვლელობა ჩაიდინეს. სუბარი აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მკვლელობა იყო, რომლის გაყალბებაშიც სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მონაწილეობდა.