ცუდად მენიშნება ხაინდრავას ფილმისთვის დაფინანსების გაპროტესტება…

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფხაზეთის მთავრობა ფილმის გადაღებისთვის გოგა ხაინდრავას დააფინანსებს,

იხ.

https://www.radiotavisupleba.ge/a/30788318.html?fbclid=IwAR1AgnFjWu-wMkWUvI0xbTOoyHM6eCo8IPTeuBAgy716gG91JczTwI66xvk

პროფესორი სალომე კაპანაძე ეხმიანება:

-ცუდად მენიშნება, როცა დევნილი საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს აფხაზეთის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მას გოგა ხაინდრავას ფილმის გადაღებაში ფინანსური წვლილი უნდა შეეტანა. აფხაზეთში დაბრუნების  ჩვენს მრავალწლიან ოცნებას ეს არ წაადგება.

კულტურა უნიკალური ბერკეტია   ,,გაღმა ნაპირზე“ დარჩენილი საქართველოს გასამთლიანებლად. აფხაზეთის მთავრობის მოვალეობაა კულტურის  იმ  პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ამ თვალსაზრისით ფასეულია.  თუ ფილმის იდეა, სცენარი და გადამღები ჯგუფის კომპეტენცია საეჭვო არ არის, დაფინანსების ფაქტი აღშფოთებას არ უნდა იწვევდეს. ლოგიკური იქნებოდა,  ფილმის შემოქმედებით ღირებულებაზე გვემსჯელა და არა მისი დაფინანსების გადაწყვეტილებაზე.

ჩემთვის ცნობილია, რომ ბევრი ნიჭიერი რეჟისორი ელოდება  მხარდაჭერას აფხაზეთზე ფილმის გადასაღებად, მათ შორის,  ირინა ბოკუჩავა.  თუ ნდობას გამოვუცხადებთ კულტურას, ეს ინვესტიცია გაამართლებს.  გოგა ხაინდრავას სურს ფილმის გადაღება მუჰაჯირობაზე და მის ისტორიულ სიმართლეზე, ეს იმაზე მნიშვნელოვანია,   ვიდრე ვიწროპარტიული  შურისძიების განცდა, ან თუნდაც პიროვნული შეუთავსებლობა მის მიმართ.

უფრო მეტიც, ფილმის გადაღებაში აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობა არამარტო ფინანსურ მხარდაჭერაში უნდა გამოიხატებოდეს.  გოგა ხაინდრავას შევახსენებ, რომ  აქ შემოქმედებითი რესურსიც არსებობს- სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების სახით. მინდა, სამთავრობო და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვუსურვო ყველა იმ იდეას, რომელიც ჩვენს ოცდაათწლიან ომს დაასრულებს  ენგურს გაღმა დარჩენილ საქართველოსთან. თუმცა,  ეს ომი ჩვენ  ჯერ ენგურს გამოღმა უნდა დავასრულოთ…