დარწმუნებული ვარ, არჩევნებში, ჩვენ შევძლებთ ერთად გავიმარჯვოთ

„ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც, მთლიანად მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება გექცევათ და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო სიკეთეებით თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ“, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სადაც მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანზორ ბოლქვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა.

„გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ, როგორც ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა. ამ ძალისხმევის, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების, შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ამ მხარის ტურისტული პოტენციალი და ამ სექტორიდან მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავალი. ხელისუფლების გათვლებითა და ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან მხარე განსაკუთრებულად გამორჩეულია ამ ულამაზესი ბუნებით, უნიკალური გასტრონომიული კულტურითა და ავთენტურობით, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება , მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ“ – განაცხადა კახა კალაძემ.