ზუგდიდში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ვიბლიანის განცხადებით, მასთან კონტაქტში მყოფ ორ პირს,რომლებიც სასტუმროს თანამშრომლები არიან, უკვე გაეწია რეკომენდაცია თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათი ნიმუშები ტესტირებისთვის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.

“ამ ეტაპისათვის, ორ პირს გაეწია რეკომენდაცია, ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ ღრმა ეპიდკვლევაზე. თუმცაღა, მისი მონათხრობით, მას არ აქვს დიდი კონტაქტები. სავარაუდოდ, მატარებლითაა ნამგზავრი,”-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ზუგდიდის სასტუმროს წარმომადგენლის, სოფიო ხუბულავას განცხადებით, სასტუმროში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. მისივე განცხადებით, ქალი სასტუმროში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ინფიცირებული ქალი რუხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.