აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამატებითი სანიტარულ-ჰიგიენური პრევენციული ღონისძიებები ტარდება

აჭარის რეგიონში ბოლო პერიოდში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია რეგიონის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებს განსაკუთრებულ პრევენციულ ღონისძიებებს; ტარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები და საოლქო კომისიებს დამატებით მიეწოდებათ სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის საშუალებები. საოლქო კომისიების ყველა წარმომადგენელს ჩაუტარდება შესაბამისი ტესტი. ამასთან, ტესტირების პროცესი უკვე გაიარა აჭარის რეგიონში საარჩევნო ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელმა. საოლქო კომისიებში რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია და რა თქმა უნდა, პირბადის მოხმარება, ასევე დეზობარიერების გამოყენება, სრულად არის დაცული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე დადგენილებით მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო სითხეებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია  მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს.