„ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი…”

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ყიფშიძის ქუჩა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს ახალი გზით დაუკავშირდება. ახალი გზის მოწყობის პროექტი უკვე მუშავდება, რომელიც განხორციელების შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს რამდენიმე ცხელი წერტილი. ეს არის ყიფშიძის ქუჩა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ძალიან დატვირთულია და არის შემთხვევები, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება. შესაბამისად, უკვე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. უკვე მიმდინარეობს ახალი პროექტის დამუშავება და ყიფშიძის ქუჩიდან ახალ გზაზე ჩამსვლელი გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება. ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული და მიმდინარეობს პროექტის სამუშაოები. უახლოეს მომავალში უკვე გვექნება მზა პროექტი და შემდეგი წლიდან უშუალოდ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი გზის პროექტი, რა თქმა უნდა, ყიფშიძის ქუჩაზე ვითარებას აბსოლუტურად შეცვლის. ძალიან ბევრი წერილი მომდის, ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ განსაკუთრებით პიკის საათები პრობლემურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.