გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წელს, ასპინძის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი და დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი.

„მოგესალმებით ასპინძელებო! საოცარი ისტორიის, ციხესიმაგრეების და ღვთაებრივი ვარძიის კუთხის შვილებო. თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალსა და ასპინძის მომავალზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ. ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს. მარტივ ციფრს გეტყვით, 2013 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. მარტივი ციფრებია. ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტარი სარწყავი სისტემის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.

„რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ სასმელი წყალი, ისევე, როგორც წყალა რინების სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ წესრიგშია მოსაყვანი. მარტივ ციფრს გეტყვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ეს არის გზები, სკოლები, ბაღები, სარწყავი სისტემები, წყალმომარაგების სიტემები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვაობა არ უნდა იყოს, როგორ ცხოვრობს ადამიანი თბილისში, ბათუმში, ასპინძაში თუ სხვაგან. ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაახლოებით თანაბარი უფლება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, რომ შეძლოს ჯერ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, შემდგომ კი სხვა ადამიანები დაასაქმოს.