ყირგიზეთის პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრის არ დაამტკიცა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა სადირ ჯაფაროვი პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაამტკიცა. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.

პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს მოუწოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კენჭი ხელახლა უყარონ, ვინაიდან პრეზიდენტის განმარტებით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად დაიცვეს კანონმდებლებმა კენჭისყრის წესები, როცა მათ პრემიერ-მინისტრად სადირ ჯაფაროვი დანიშნეს.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა, კუბათბეკ ბორონოვმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებისა და არეულობების ფონზე თანამდებობა დატოვა. ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჯაფაროვი დაამტკიცეს.

ცნობისთვის, ბიშკეკში საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. ისინი გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ.

ამასთან, ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლლეს კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ატამბაევი ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებსა და უწყების ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანეს შენობიდან.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.