წულუკიანის განცხადების შემდეგ, ჩვენი დამკვირვებლის  უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვააკისრებთ ხელისუფლებას

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის საგანგებო განცხადება თეა  წულუკიანის დღევანდელ ბრალდებასთან დაკავშირებით

თეა წულუკიანის  დღევანდელი განცხადება წარმოადგენს  ჩვენი ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას და  დისკრედიტაციის მცდელობას. წულუკიანის გამოსვლამ შესაძლოა, წაახალისოს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიმართ ძალადობა და საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები. მიგვაჩნია, რომ წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის,  29 სექტემბერს, მარნეულში  ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ჩვენს წარმომადგენელზე, გიორგი მუმლაძეზე განხორციელებული თავდასხმის გაგრძელება.

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აქტიურად აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას  საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში.  საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ დავარეგისტრირეთ  სარჩელი და  ვითხოვთ, ცესკოს სადავო დადგენილების იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილობას გამორიცხავს. ცესკომ სარჩელის რეგისტრაციიდან რამდენიმე საათში შეცვალა გადაწყვეტილება და ნახევარი დღით გაახანგრძლივა თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის ვადა, მოითხოვონ გადასატანი ყუთით სარგებლობა. ეს  ადასტურებს ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის მართებულობას.

წულუკიანის განცხადების შემდეგ, ჩვენი თითოეული დამკვირვებლის  უსაფრთხოებაზე დღეიდან პასუხისმგებლობას ვააკისრებთ ხელისუფლებას.