ჟურნალისტი ლელა ფაილოძე აცხადებს, რომ მარტვილში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს!

  ჟურნალისტი ლელა ფაილოძე აცხადებს, რომ მას მარტვილში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„13 წელი ვმუშაობდი რეგიონულ ტელევიზიაში, თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელევიზია ფაქტობრივად მოსპეს. ამიტომ დავრჩი უმუშევარი. რამდენიმე თვის წინ მურმან წოწორიასთან ერთად ვუშვებდით ჟურნალს „მარტვილი და მარტვილელები“. ჟურნალის გამოშვების შემდეგ მე არ მომცეს კუთვნილი ანაზღაურება, რასაც მაისიდან სექტემბრამდე უშედეგოდ ვითხოვდი. წოწორიას ვთხოვე, რომ სხვა სამსახური მაინც მოეცა ჩემთვის. დაპირების მიუხედავად არაფერში ხელი არ შემიწყო. შემდეგ კულუარულად გავიგე, რომ თურმე ამ მიმართულებით დიდ ქრთამს იღებდა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა.

ერთი თვის წინ, როდესაც აღარ მქონდა იმედი, რომ ანაზღაურებას მომცემდნენ, დემონსტრაციულად გადავედი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამუშაოდ ჟურნალისტად და ჩემს ბლოგზე ვაშუქებდი მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მე გამოვუქვეყნე წოწორიას თავისივე ლექსი, რომელიც მან 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და ამ ლექსში ის ყოფილ პრემიერს აძაგებდა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო მუქარები ჩემს მიმართ.

დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც წოწორიამ თავისი ავტომობილით ჩამიარა და ხელების კომბინაციით შემაგინა. მივედი და ვკითხე, რატომ მაგინებდა და რა უნდოდა ჩემგან, ის კი ყელში მწვდა და ფიზიკურად გამისწორდა.

14657798_1802406496711016_1836532283_n

შემდეგ კი ნაცვლად იმისა, რომ მე მივსულიყავი პოლიციაში, თავად მივიდა მარტვილის სამმართველოში და განცხადება შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. მას აქვს იმედი, რადგან მისი სიძე, რობერტ აბრახამია არის მარტვილის სუსის უფროსი“, – განაცხადა ფაილოძემ.

მისივე თქმით, ის პოლიციაში უკვე დაკითხეს. ცოტა ხანში კი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.

ამ ეტაპზე ჩვენ მურმან წოწორიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თუ მას კომენტარის გაკეთების სურვილი ექნება ან ჟურნალისტს საჯარო პასუხს გასცემს, ჩვენ მზად ვართ მისი სათქმელი მკითხველამდე მივიტანოთ.

კომენტარის დატოვება