ცესკოს ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 1800-მდე საჩივარი შევიდა

ცესკომ 2020 წლის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სტატისტიკა წარმოადგინა. მათი ინფორმაციით, კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ დაახლოებით 1800 საჩივარი შევიდა.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, არჩევნების დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდეგ – საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. როგორც ბრიფინგზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი.

„საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბიულეტენების 3,27% ბათილად იყო ცნობილი პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4,15% მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ნაკლებია პროპორციულ ნაწილში 0,24%-ით, ხოლო მაჟორიტარულში – 0,04%-ით მეტია. სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადაითვალეს 19 უბნის შედეგი, საიდანაც უმეტეს შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია, რომ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 46-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, რაც წინასწარი მონაცემებით ამავე მაჟორიტარულ ოლქში იწვევს მეორე ტურს“, – აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.