განვიხილეთ მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები

ეუთო/ოდირის წარმომადგენლები მმართველი გუნდის წევრებს შეხვდნენ. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას “ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერი დაესწრო. საუბრის თემა ჩატარებული არჩევნები და მიმდინარე პროცესები იყო.

არჩილ თალაკვაძემ ეუთო-ოდირთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირთან ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე, მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

“ჩვენ გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, ის მონაცემები, რომელიც უკვე არსებობს 39 უბნის გადათვლასთან დაკავშირებით, სადაც ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით გადათვალა ის ძირითადი უბნები, სადაც კითხვის ნიშნები იყო. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბელის გუშინდელი განცხადება, სადაც მათ განაცხადეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არცევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ასევე, ისინი მიესალმნენ ცესკოს მხრიდან ინკლუზიურ პროცესს, როდესაც უბნების გადათვლის პროცესი მიმდინარეობდა. არჩევნები პანდემიის ფონზე ჩატარდა, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა საქართველომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მაინც შეძლო. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის და ახალ პარლამენტში მუშაობისთვის, რომელიც უფრო პლურალისტური იქნება,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.