ენმ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მავთულხლართები გაავლეს. პარტიის წევრებმა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული წარმოდგენით დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, მცოცავი ოკუპაცია არასწორი ტერმინია, ის არ არსებობს და რომ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრების დადგენა წინა ხელისუფლების შეცდომების შედეგია.

“ენმ-ის” წევრები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 

„სამწუხაროა, რომ ეს არა მისი პირადი პოზიციაა, არამედ „ქართული ოცნების“ დოქტრინა, პოლიტიკა, რომელსაც ის 5 წელია ატარებს. ისინი ამბობენ და ფიქრობენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საოკუპაციო ხაზს გადმოწევა არ ხდება, მცოცავი ოკუპაცია არ მიმდინარეობს,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დავით სერგეენკოს განცხადებას „დამღუპველსა და მოღალატეობრივს“ უწოდებენ.

„არ შეიძლება საქართველოს მთავრობის წევრმა გააკეთოს განცხადება, რომელიც ერთი ერთზე ემთხვევა ოკუპანტის ინტერესებს. ასეთ განცხადებებს აკეთებენ რუსეთი დუმის წევრები. თუ შერჩენია ელემენტარული სინდისი, ამ ადამიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს,“- განაცხადა ნიკა რურუამ.

შეგახსენებთ:

“ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა,” – ამის შესახებ განცხადება საქართელოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა,“ – განაცხადა სერგეენკომ.