პაატა იმნაძე – ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ძალიან მალე, ერთ თვეში ისევ 5 ათას ახალ შემთხვევამდე ავალთ

ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ჩვენ ძალიან მალე, დაახლოებით 1 თვეში ისევ 5 ათასამდე ავალთ. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებამდე უნდა დავიყვანოთ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა და შემდეგ, წესების დაცვის შემთხვევაში, ეკონომიკის გახსნა კატასტროფულ მატებას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„სულ რაღაც 2 თვის წინ ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ ამას გავუძელით და გადავიტანეთ. მგონია, რომ ამის გამეორება არავის სურს. მესამე ტალღა ესაა, სხვა კი არაფერი, რომ ისევ ყოველდღიურად 5 000 ახალი პაციენტი იქნება და ამას მოყვება შესაბამისი ლეტალობა, რაც ყველასათვის ნათელია. კარგად გვახსოვს, როგორ ვიქცეოდით ნოემბერში, რას ვაკეთებდით და რატომ მივედით ასეთ შედეგამდე. თუ ახლა სხვანაირად მოვიქცევით, გავიკეთებთ პირბადეს, შესაძლებელი იქნება რაღაც აქტივობების ჩატარება, მაგრამ მხოლოდ წესების დაცვით. თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მატება არ იქნება ისეთი კატასტროფული, როგორც ნოემბრის ბოლოს იყო. ჩვენ გვინდა, რომ იყოს ისეთი მატება, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა მშვიდად და მარტივად გაუმკლავდება, მაგრამ ამავდროულად გაიხსნას ეკონომიკაც. ამისათვის საჭიროა წესების მკაცრად დაცვა. გუშინ ჩვენ გვქონდა დაახლოებით 1 600 შემთხვევა, ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ჩვენ ძალიან მალე, დაახლოებით 1 თვეში ისევ 5 ათასამდე ავალთ. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებამდე უნდა დავიყვანოთ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა და შემდეგ, წესების დაცვის შემთხვევაში, ეკონომიკის გახსნა კატასტროფულ მატებას არ გამოიწვევს“, – განაცხადა იმნაძემ.