სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული  1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.