ძვირფასო მამებო, გილოცავთ!

15 ოქტომბერი – მამების დღე საქართველოში. ამ დღის დამაარსებელი ბესო ჩუბინიძეა. აი, როგორ ახსნის ის მამების დღის არსებობას:

-„15 ოქტომბერი შემოდგომის შუა თვის შუა რიცხვია, შემოდგომა კი – ხვავის, ბარაქის და სიმდიდრის ხანაა, ოჯახში ვინ ითვლება საქართველოში ტრადიციულად ხვავის, ბარაქის და სიმდიდრის შემომტანად? რათქმაუნად მამა… და, აი ამიტომაც 15 ოქტომბერი! ფაქტია, რომ ქართველ კაცს, ქართველ მამას 23 თებერვალს არ უნდა ულოცავდნენ და ვგონებ ქართველი კაცები ღირსნი ვართ იმისა, რომ სიმბოლურად, წელიწადში ერთი დღე, ჩვენც მოგვილოცონ… მალე მოვა ეგ დროც.

მამებო! გილოცავთ მამების დღეს!

პატარა გოგოს მამიკო უყვარს
არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
– მამიკო მოდის!..
– მამიკო მოდის!..
პატარა გოგოს მამიკო უყვარს…
– რა მომიტანე, – წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს…
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).
პატარა გოგოს მამიკო უყვარს…
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!
– მამიკო მიდის!
– მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
– მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ…

პატარა გოგოს მამიკო უყვარს…

• •

სულგანაბულა პატარა ბინა,
თოჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად,
ნუღარ უწყრები,
დედიკო, ნუღარ,
თვალები ისეც ცრემლით აქვს სველი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის…

კიდევ ერთხელ, გილოცავთ მამების დღეს!

კომენტარის დატოვება