ბექა ფერაძე: ბაკურიანში არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა და მით უმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი

„ეს იყო გეგმური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მით უმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით, აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმდა ის და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ყველასთვის იქნებოდა ცნობილი. გადაიღებდნენ ვიდეოს და ესეც იქნებოდა საფუძველი, თუმცა თქვენ იცით, რომ მსგავსი ტიპის არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ზოგადად აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, სასტუმროების ფუნქციონირება. ამის მიზანია, რომ მობილობა იყოს შემცირებული და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი და კერძო საცხოვრისთან დაკავშირებით არც შორმის ინსპექციას და არც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებას რაიმე არაკანონიერი ქმედება არ განუხორციელებია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.