გია ვოლსკი – ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს, მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება

ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს, მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დაკავშირება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან სამართლებრივად ჩამოყალიბებული წინადადება არ არის.

„მიმაჩნია, რომ ყველა წინადადება განხილული უნდა იყოს, მაგრამ იმაზე უარის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ გამოიტანოს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის სულ სხვა მოტივებზე მიანიშნებს. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს და მათი ამოცანაა რევოლუციური რეჟიმის არსებობა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება და არა რაიმე სახის გადათვლა, შეფასება და კომპეტენტური მსჯელობა, საჭიროა თუ არა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციურ პარტიებს კომპეტენტური პასუხები უნდა ჰქონდეთ. ნაწილს არანაირი არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. მათ შორის, არც რიგგარეშე არჩევნები. მათი პოზიცია არის რევოლუციური სცენარის განვითარების მიზანი. ძირითადად, ეს ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილნი. მეორე ნაწილია, რომელსაც უნდა, თავისი პოლიტიკური რესურსი გამოიყენოს და მისი რეალიზაცია მოახდინოს პარლამენტში, მაგრამ გარკვეული შიში აქვთ და თავი ვერ დააღწიეს „ნაცმოძრაობის“ იმ მარწუხებს, რომელიც თავიდანვე შეიქმნა ერთობლივ ფორმატში. მხედველობაში მაქვს, ნათელაშვილის ეზოში მოლაპარაკებების ფორმატი. მათი მხრიდან გადამჭრელი ნაბიჯებია საჭირო. ვისაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს, პარლამენტში უნდა შემოვიდეს, პოლიტიკურ ველზე იბრძოლოს და თავისი სიმართლე დაამტკიცეს. თუ ვინმეს არჩევნების სამართლიან ჩატარებაზე ეჭვი ეპარება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს გადახედოს. თუ ამის მიუხედავად სიმართლეში ვერ დარწმუნდებიან, საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.