„უსინდისო, მატყუარა და ხალხის მყვლეფავი“ – მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარტია “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს მიმართა: „სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს“.

საპასუხოდ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა. „ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რას ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით, მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს?! არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ… სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო… არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვებითქო,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა“ – უპასუხა ხაზარაძემ, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ ელისაშვილმა განაცხადა, რომ ხაზარაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას „დაკრულზე“ დადის. „ლელოს“ ლიდერმა კი უპასუხა, რომ ელისაშვილი „ქართული ოცნების“ და ირაკლი კობახიძის დაკვეთას ასრულებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს „დააყარეს“.

„არ დაგინახო, რომ ოპოზიციურ შეხვედრებზე მოხვიდე.მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ. ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, სიტყვას და სიმართლეს უნდა ჰქონდეს ფასი“, – განაცხადა ხაზარაძემ, რასაც ელისაშვილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მან „ლელოს“ ლიდერი ხალხის ძარცვაში დაადანაშაულა.