ნინო წილოსანი: თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება

არ მეგულება ცივილურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ ქმედებას გაამართლებდა, თუმცა ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ამართლებს იმ მხარდამჭერების საქციელს, რომელთა ქმედება გამოხატვის ყველანაირ თავისუფლებას სცდება, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„მსგავს ფაქტს ნებისმიერ შემთხვევაში არ გავამართლებდი და დავგმობდი. თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება. ეს ამ ფორმას სცდება. როგორც ამ, ასევე სხვა შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ და აქვთ. მომხრე ვარ, რომ იგივე რეაგირება იყოს ყოველთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.

აქცია ბათუმში – შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და ფაქტზე ირაკლი ფანგანი დააკავა.