ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციაში დიდი არეულობაა, როცა არჩევნების გაყალბების მითი დაიმსხვრა, მათი ერთიანობაც ამას მიჰყვა

ოპოზიციაში დიდი არეულობაა, როცა არჩევნების გაყალბების მითი დაიმსხვრა, მათი ერთიანობაც ამას მიჰყვა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციაში არის დიდი არეულობა. ეს ოპოზიცია ვერც ვერასოდეს იქნებოდა ერთიანი. ისინი გაერთიანდნენ რაღაც ეფერემული არჩევნების გაყალბების გარშემო. შესაბამისად, როცა არჩევნების გაყალბების მითი დაიმსხვრა, მათი ერთიანობაც ამ პროცესს მიჰყვა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ დაპირისპირებები, რომელმაც თავი იჩინა ოპოზიციაში, სრულიად ლოგიკური შედეგია იმის, რომ ოპოზიციაში ერთიანი ორგანიზმი ვერასოდეს ვერ იქნება,”- განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძემ  „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იარაღის ტარების უფლება პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს, თუმცა ამაზე საუბარი სასაცილოა.

იაგო ხვიჩია და ნიკა მელია ერთმანეთზე რაზე ლაპარაკობენ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება იარაღის ტარებას, ეს უფლება პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს. თუ იაგო ხვიჩია პარლამენტს მიმართავს, ამის უფლება ექნება, მაგრამ ჩემთვის ამაზე საუბარი სასაცილოა. პარლამენტის წევრობა იარაღის ტარებისთვის არ უნდა გინდოდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ნიკა მელიამ დაურეკა და „ცუდი საუბარი” ჰქონდათ, თითქოს დაემუქრა კიდეც.