უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია, არ შევითანხმეთ, ქართულმა მხარემ „გავჭედეთ“, რადგან ეს ჩვენია – ივერი მელაშვილი

უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია – არ შევითანხმეთ, ქართულმა მხარემ „გავჭედეთ“, რადგან ეს ჩვენია, ჩვენ გვინდა, ჩვენი ინტერესია იქეთ მხარეს, – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არ არსებობს – არც საზღვრიდან გადაგვიხვევია. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დაკვეთა. პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზეც აშკარაა გაყალბების ნიშანი. ექსპერტიზაზე მთავარია სწორად დასვა კითხვა, რაც გინდა, რომ გაიგო. პროკურატურამ ექსპერტის წინაშე დააყენა საკითხი – აიღეს ერთი რუკის საზღვრის ხაზი, დაადეს მეორე რუკის საზღვრის ხაზს და რომ არ ემთხვეოდა ერთი მეორეს, დაიწყეს ფართობების თვლა. საზღვრის ხაზის ერთი რუკიდან მოჭრა და მეორე რუკაზე გადატანა არის უდიდესი დილეტანტიზმის გამოხატულება. ეს პროკურატურამ შეგნებულად, ვირ-ეშმაკულად გააკეთა“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.