ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

პარტია „მოქალაქეების“ წევრები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“ – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შევთანხმდით ელექტრონული არჩევნების წესზე. ხმის მიცემა იქნება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით. ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი. ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. გარე პერიმეტრი 25-დან 100 მეტრამდე გაიზრდება, ცესკო-ში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია, 7-ვე პარტია სრულად იქნება წარმოდგენილი, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა სხვაგვარად და გამჭვირვალედ მოხდება. დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში 1-ელ მარტამდე უნდა მოხდეს და განხილვა 1-ელ მაისამდე უნდა დასრულდეს. თუ 1-ელ მარტამდე ინიცირება არ მოხდება, როგორც შევალთ პარლამენტში, ისე – გამოვლათ. 3 საკითხი ბოლომდე წამოვიღეთ და ამაზე ვმუშაობთ დიდი ხანია. ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი წამოვიღეთ „ქართული ოცნებისგან, დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი““ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.