არჩილ თალაკვაძე – დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენ და „მოქალაქეებმა“, ღიაა სხვა პარტიებისთვისაც – განვაგრძობთ დიალოგს და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში გაფართოვდება

ჩვენ, ელჩების მხარდაჭერით მოლაპარაკებები დავიწყეთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „მოქალაქეებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ელჩების მხარდაჭერით, ასევე გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს დასრულდა პოზიტიური შედეგით. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, სადაც ჩვენი პირობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს პარლამენტში განვახორციელებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს, ხელი მოაწერა პარტია „მოქალაქეებმა“ და ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლებისთვისაც. მათთვის, ვინც გადალახა ბარიერი და მიიღო მანდატი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ განვაგრძობთ პოლიტიკურ დიალოგს და მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.