იყო მცდელობა რურუას საკითხზე ყოფილიყო მსჯელობა, ჩვენ ვუთხარით, რომ ამას პარლამენტში ვერ განვიხილავდით და დაგვესრულებინა ამაზე საუბარი – მამუკა მდინარაძე ელისაშვილთან და იოსელიანთან შეხვედრაზე

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, იმ ინტენსივობით და სიჯიუტით საუბარი არ იყო, თუმცა იყო მცდელობა რურუას საკითხზე ყოფილიყო მსჯელობა. ჩვენ როგორც წინა შემთხვევაში ვუთხარით, რომ ამ საკითხს საქართველოს პარლამენტში ვერ განვიხილავდით და დაგვესრულებინა ამაზე საუბარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია “მოქალაქეების” ლიდერებთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პარლამენტარის სასაუბრო თემა არ არის რომელიმე პატიმარზე საუბარი. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ საპარლამენტო კედლებში პატიმრის ბედზე საუბარი არ უნდა მიმდინარეობდეს. კონკრეტული პატიმრები და მათი გათავისუფლება არის პროკურატურის საქმე. რაც შეეხება რურუას, სასამართლო არის სხვისი საქმე. ჩვენ ნუ მოგვმართავს ხოლმე ამ საქმეზე, მოლაპარაკებების საფუძვლად და ზეპირად სალაპარაკოდ ასეთი საკითხები არასდროს იქნება განხილული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.